თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ათენში მცხოვრებ საქართველოს 55 წლის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ემიგრანტების ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის საბერძნეთში მომვლელად მუშაობდა, ინფიცირების წყარო კი დამსაქმებელი ოჯახის ერთ-ერთი წევრი აღმოჩნდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტთან. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.
ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს 50 წლის მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. უწყებების, კომპანიებისა და ორგანიზაციების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.