თბილისი, 14 მარტი - Sputnik. კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებაზე დაყრდნობით.
ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს 50 წლის მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
„გუშინ მივიღეთ მისი ტესტის პასუხი და ის უარყოფითი აღმოჩნდა. პროტოკოლის მიხედვით, 24 საათში ისევ განმეორდება ანალიზი და თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტი შესაძლოა ხვალვე გავწეროთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტი იმყოფება, შვიდი მათგანის პასუხებს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. რაც შეეხება 12 წლის ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მსუბუქი იყო და ახლაც მსუბუქია.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25–ს აღწევს. ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.