თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისათვის კარანტინში კიდევ ათი  ადამიანი გადაიყვანეს

© Sputnik / STRINGERპატრული
პატრული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ბოლო 24 საათში ათი მოქალაქე  იძულებით კარანტინში გადაიყვანეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. 

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოს მზადყოფნა კორონავირუსისთვის - პირველ ეტაპზე 5 კლინიკა და 420 საწოლი

მონიტორინგის დროს თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში,  აჭარაში, გურიასა და იმერეთში.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება  მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

14 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

ყველა ახალი ამბავი
0