არსებობდნენ მკურნალთა მთელი დინასტიები. მაგალითად გამოდგება თურმანიძეთა გვარი, რომლის წარმომადგენლებიც, ათას წელზე მეტია, ერთგულად ემსახურებიან სამკურნალო საქმეს. მათ მრავალი ადამიანი განკურნეს, მათ შორის მეფეები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს მძიმედ დაჭრილი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სამკურნალოდ ქუთაისიდან სწორედ თურმანიძეს უხმეს. უფრო მეტიც, იტალიის სახალხო გმირი ჯუზეპე გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან იტალიაში საგანგებოდ მიწვეულმა მკურნალმა თურმანიძემ.
ისტორიულად ასევე ცნობილი გახლდათ მკურნალ ავშანდაძეთა გვარი. თქმულების თანახმად, გელათის მშენებარე ტაძრიდან გადმოვარდნილ, მძიმედ დაშავებულ დავით აღმაშენებელს სამას ხუთმა აქიმმა ვერაფერი უშველა, მხოლოდ სამასმეექვსე მკურნალმა, გვარად ავშანდაძემ შეძლო მეფის გადარჩენა. მან თორმეტი ფურირმის ნაწველ რძეში ჩააწვინა სიკვდილის პირას მყოფი მეფე და იარები დაუწყლულა.
ქართულ ხალხურ მედიცინას მდიდარი ტრადიციები გააჩნია. XV საუკუნის სწავლულმა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა თავი მოუყარა ჩვენს ქვეყნაში დაწერილ „სააქიმო წიგნებს“ და შთამომავლობას დაუტოვა ქართული სამედიცინო კარაბადინი, რომელიც თავისი სრულყოფილებითა და დარგის სიღრმისეული ცოდნით დღემდე აოცებს მკითხველს.
ზაზა ფანასკერტელი წარმოშობით ტაოდან გახლდათ. „კარაბადინის“ ავტორის წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში მედგრად იცავდნენ „საქართველოს ჭიშკრად“ წოდებულ ფანასკერტის ციხეს, რომელიც გზას უკეტავდა სამტროდ შემოსულთ და ერთ-ერთი პირველი იღებდა დარტყმას ქვეყნის ასაოხრებლად სამხრეთიდან წამოსული მტრებისაგან.
ქართველთა წინაპარი ხალიბები, მაგიური ხმალი და უძველესი ბრიტები: დამთხვევა თუ...
ფანასკერტელთა გვარის ცნობილი წარმომადგენელი იყო მიქაელ ხუცესი, ზაქარია მხედართმთავარი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თამარ მეფის მოღალატე ერისთავის გუზან ტაოელის დამარცხებასა და დატყვევებაში. ასევე სახელგანთქმული პიროვნება გახლდათ თაყა ფანასკერტელი. მან 1305 წელს საქართველოში შემოჭრილ იკონიელ (რუმი) თურქთა ბელად აზატ მოსეს გადაუჭრა გზა და მცირერიცხოვანი რაზმით გაანადგურა მომხდური. ამავე გვარისა გახლდათ სილამაზით განთქმული სითიხათუნი, რომელიც ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფე ვახტანგ მეოთხეს.
მაგრამ გვარის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მაინც ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილია. ის საქართველოს სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესი გახლდათ და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის განდგომილი ერისთავის — სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. როცა 1465 წელს თავფარავნის ტბასთან გამართულ ბრძოლაში ყვარყვარემ სასტიკად დაამარცხა საქართველოს მეფე გიორგი VIII და ტყვედ ჩაიგდო იგი, ზაზა ფანასკერტელმა, როგორც მეფისა და ქვეყნის ერთგულმა ერისთავმა, არ ისურვა მოღალატე ყვარყვარე ჯაყელის მსახურება, მიატოვა სამცხის საათაბაგოში შემავალი ფანასკერტის საერისთავო, შიდა ქართლში გადავიდა და სამუდამოდ დაემკვიდრა იქ. ხოლო მისმა ძე ციციმ სათავე დაუდო ციციშვილთა საგვარეულოს. ტყვეობიდან თავდახსნილმა საქართველოს მეფე გიორგი მერვემ ფანასკერტელებს უბოძა მამულები ხვედურეთში, მძოვრეთისა და ნიჩბისის ხეობებში. ხოლო ქართლის ხელისუფალმა კონსტანტინე მეორემ ზაზას დამატებით უწყალობა უფლისციხე, ქვახვრელი და კარალეთი. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული საციციანოს კულტურული დაწინაურება და ქართლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად ქცევისათვის საფუძვლის შექმნა.
ზაზა ფანასკერტელი მშვენივრად უთავსებდა ერთმანეთს პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობას: მას აღუდგენია ყინწვისის მონასტერი და მიუშენებია ეკვდერი, შეკრიბა და ერთ წიგნად გადააწერინა იონე ოქროპირის „სწავლანი“, შექმნა „ძნელთა სიტყვათა განსამართავი“ ლექსიკონი და, რაც მთავარია, მის სახელთანაა დაკავშირებული ე.წ. სამედიცინო ენციკლოპედიის – „სამკურნალო წიგნის“ შედგენა.
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „კარაბადინი“ ეხება როგორც ზოგადსამედიცინო, ისე ანატომიის, ფიზიოლოგიის, ფარმაციის, დიაგნოსტიკის ცალკეულ საკითხებს და მოიცავს „ძველ“ და „ახალ“ სამედიცინო ცოდნას.
სახელოვანი მკურნალი კარგად იცნობდა არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ სამედიცინო წიგნებსაც. შეიძლება ითქვას, რომ ზაზა ფანასკერტელის „სამკურნალო წიგნი“ არა მარტო ქართული სამედიცინო აზროვნების, არამედ XV საუკუნის ქართული ფილოსოფიური მსოფლმხედველობის თვალსაჩინო ნიმუშია.
ზაზა ფანასკერტელი მწიგნობრობის უბრალო მოტრფიალე არ იყო. მას მაშინდელი ბუნებისმეტყველება და სამკურნალო მეცნიერება ზედმიწევნით სცოდნია და სახელგანთქმული მეცნიერიც ყოფილა. სავარაუდოდ, მემატიანემ სწორედ ამიტომ უწოდა „ბრძენმთავარი“.
„ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებათა ბრძენმთავარი ფანასკერტელი ზაზა, ამინ“, — ვკითხულობთ XV საუკუნით დათარიღებულ ხელნაწერში.
სამშობლოსთვის დამაშვრალი „ბრძენმთავარი“ ზაზა ფანასკერტელი იყო კაცი სარდალი, მეცნიერი, მეცენატი, ყოველმხრივი ღირსებით შემკული ადამიანი, რომელმაც დაკარგა საკუთარი სახლ-კარი, ციხე-სასახლეები, საფეოდალო მამული, დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ გული არ გაუტეხია, საკუთარი პრინციპებისთვის არ უღალატია და ნათელი შეინარჩუნა იმ შავბნელ და სისხლიან ეპოქაში.
ის იყო ნამდვილი მაგალითი იმასა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, იმ დროსაც კი, როდესაც უსამართლოდ შერისხული ხდები და ყველაფერს კარგავ, სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად უნდა დარჩე და მისთვის ბოლომდე გაისარჯო...