თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით ჩერდება, ნათქვამიასაქართველოს მთაბვრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს და ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას.
უწყების ცნობით, შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25–ს აღწევს. ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.