თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ისარგებლეს რა კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული საფრთხეებით, დამნაშავეებმა ფინანსური თაღლითობის რამდენიმე ახალი ონლაინ მეთოდი შეიმუშავეს, იუწყება ინტერპოლი.
„გამომდინარე იქიდან, რომ ქირურგიული ნიღბები და სხვა სამედიცინო ნივთები დიდი მოთხოვნით სარგებლობს და მათი შეძენა მაღაზიებში უკვე გართულებულია COVID-19-ის პანდემიის გამო, ქსელში ჩნდება მაღაზიები, საიტები, აკაუნტები, სოციალური მედიასაშუალებები და ელექტრონული ფოსტების მისამართები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ამ ნივთებით ვაჭრობენ“, — აღნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაცია.
თუმცა, როგორც ინტერპოლში განმარტავენ, ეს თაღლითობის მხოლოდ ერთი სქემაა. სხვა მეთოდია, როდესაც დამნაშავეები აბონენტებთან რეკავენ, მათ სამედიცინო მუშაკებად ეცნობიან და ატყობინებენ, რომ მათი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდა და სასწრაფოდ ესაჭიროება თანხა მკურნალობისთვის.
კიდევ ერთი მეთოდის მიხედვით, თაღლითები ელექტრონულ წერილებს გზავნიან საერთაშორისო ან ეროვნული ჯანდაცვის ორგანოების სახელით და მიმღებს მოტყუებით აიძულებენ, გახსნან ვირუსული ბმული, რომლის მეშვეობითაც მათ საბანკო ანგარიშებზე ახერხებენ წვდომას.
ინტერპოლი მოუწოდებს მოსახლეობას, დაძლიონ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შიშები და არ ენდონ საეჭვო ზარებსა და შეტყობინებებს, რომლებსაც სოციალური ქსელებითა თუ ელექტრონული ფოსტით იღებენ.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მსოფლიოს 117 ქვეყანაში ინფიცირებულია 137 387 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 5 088 და განიკურნა 69 779 პაციენტი.