თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მოქალაქე, რომელმაც წყალტუბოში თვითიზოლაციის პირობები დაარღვია, პოლიციის დახმარებით კარანტინში მოათავსეს, იუწყება პირველი არხი.
როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა, მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები დაარღვია და საქმეში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.
წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამჟამად 87 ადამიანი იმყოფება. ისინი იტალიიდან დაბრუნდნენ.
მათგან ხუთი პირი გუშინ, ღამით წყალტუბოს ზონიდან გამოიყვანეს. ორი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კიდევ ორი – დედა ბავშვით – თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მეხუთე კი მაღალი ტემპერატურით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს.
გიორგიძის განცხადებით, ამ დროისთვის წყალტუბოში კარანტინში მყოფი 87 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდგინდა. კარანტინში იმყოფება 245 ადამიანი, ხოლო კლინიკებში ექიმების დაკვირვების ქვეშ – 58.