თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ევროპის ერთა თასის მატჩი რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის თბილისში 14 მარტს მაყურებლის გარეშე გაიმართება, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის სპეციალურ განცხადებაში.
სუხიშვილები: უკრაინიდან დაბრუნებისთანავე დავიცავთ თვითიზოლაციის წესს>>
საქართველოში ამჟამად მასობრივი ღონისძიებების უმეტესობა გაუქმებულია, დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, თეატრები და მუზეუმები. სპორტული ღონისძიებებიდან 1 აპრილამდე შეჩერებულია საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში, გაუქმდა ტრადიციული თბილისის გრან-პრი ძიუდოში, რომელიც 27-29 მარტს უნდა გამართულიყო.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე", – ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყველა შეძლებს შეძენილი ბილეთის თანხის უკან დაბრუნებას.
„კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას – გულშემატკივრობისთვის", – აცხადებენ რაგბის კავშირში.
აღსანიშნავია, რომ სატურნირო თვალსაზრისით მატჩს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. საქართველო ევროპის ერთა თასის გამარჯვებული ვადამდე გახდა, ხოლო რუსეთმა შეინარჩუნა შემდეგ სეზონში თამაშის უფლება.
ესპანეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ჩაივლის ამავე ტურნირის ფარგლებში ესპანეთისა და პორტუგალიის შეხვედრაც.
გულშემატკივრებს განსაკუთრებით კიდევ ერთი საკითხი აინტერესებთ – დღემდე გაურკვეველია, როგორ და რა პირობებში გაიმართება უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ფეხბურთში, რომელიც თბილისში 26 მარტს უნდა გაიმართოს.
საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევაა.