თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმი წესდება. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამასთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა.
როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრძანებაში გაწერილია ყველა ის ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იქნება გატარებული უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
კერძოდ, პარლამენტში მისვლა ორი კვირის განმავლობაში აკრძალულია იმ თანამშრომლებისა და დეპუტატებისთვის, რომლებიც ბოლო შვიდი კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქვეყნებში, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად დაასახელა. ამასთან, ეკრძალებათ მისვლა იმ პირებსაც, რომლებიც ამ ქვეყნებში ნამყოფ პირებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ. მათთვის რეკომენდებულია ორკვირიანი თვითიზოლაცია.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ასევე ავალდებულებს თანამშრომლებსა და დეპუტატებს, სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზების, ასევე რისკის ჯგუფში შემავალ პირებთან კონტაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ პარლამენტის აპარატს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24–ე შემთხვევა დაფიქსირდა>>
კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში თანამშრომლები და დეპუტატები უნდა გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ მეთოდზე, ხოლო ვინც განაგრძობს სამუშაო ადგილზე სიარულს, მათ უნდა დაიცვან ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციები და პირადი ჰიგიენის ნორმები.
სპიკერის ბრძანების საფუძველზე ასევე მაქსიმალურად მცირდება ყველა სამსახურებრივი მივლინება, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.
ეპიდემიური საფრთხის შესამცირებლად პარლამენტში აუქმებენ ყველა საჯარო ღონისძიებას უცხო პირების მონაწილეობით.
მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა დღეს ყველა სამთავრობო უწყებაც. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში 12 მარტისთვის კორონავირუსით ინფიცირების უკვე 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის არის 12 წლის მოზარდი.
თვითიზოლაციის რეკომენდაცია სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც ეძლევა>>
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1 აპრილამდე გახანგრძლივდა, მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეჩერდეს ერთი თვით – 13 აპრილამდე.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.