თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 63-ე ეტაპი იწყება, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იწარმოებს.
„რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით", – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
63-ე საყოველთაო ნათლობის ჩატარება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მერე იგეგმება.
საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა.
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 40 388 ნათლული ჰყავს.