თბილისი, 12 მარტი — Sputnik. აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება არსებითად გაუარესდება, აცხადებს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი.
„ჩემი აზრით, იქნება [კორონავირუსით ინფიცირების] მეტი შემთხვევა და ვითარება გაუარესდება. თუ რამდენად — ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი რეაგირება გვექნება. თუმცა საბოლოოდ იქნება სულ უფრო უარესი და უარესი“, — განაცხადა ფაუჩიმ აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის სხდომაზე.
.@RepMaloney: "Is the worst yet to come?"
— CSPAN (@cspan) March 11, 2020
Dr. Anthony Fauci: "Yes, it is…We will see more cases and things will get worse than they are right now…Bottom line: it's going to get worse."
Watch full #Coronavirus hearing here: https://t.co/qUfpOTAqTq pic.twitter.com/RNBNiPrFN1
მისი თქმით, შეერთებული შტატების წინაშე „ძალიან სერიოზული პრობლემა დგას“ და ამიტომ აუცილებელია პოტენციურად ინფიცირებული ადამიანების ტესტირებისა და კონტროლის გაფართოება.
ექსპერტის თქმით, COVID-19-ის ვაქცინა უახლოეს თვეებში ვერ იქნება ხელმისაწვდომი. ფაუჩი ვარაუდობს, რომ მის შექმნას, უკეთეს შემთხვევაში, ერთი ან ერთ-ნახევარი წელიწადი დასჭირდება.
ამ დროისათვის აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება სულ 1 312 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან გარდაიცვალა 38 და გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.
COVID-19-ის საფრთხის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებთან საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძალაში 13 მარტიდან შევა.
COVID 19: აშშ ევროპასთან საზღვარს კეტავს - სახელდება „აკრძალული“ ქვეყნები>>
ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის მონაცემებით, სულ მსოფლიოში ამ დროისათვის 116 ქვეყანაში 125 258 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ იტალია მოდის, სადაც COVID-19 დაუდგინდა 12 462 ადამიანს. სულ მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 4 638 კაცს, ხოლო განკურნებულების რაოდენობა — 68 286 პაციენტს.