თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი, ცნობილი ქორეოგრაფი თეა დარჩია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მაღალი თვითშეგნების ადამიანებს, ვინც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, ყოველდღე Youtube-ის მის გვერდზე ცეკვის გაკვეთილებს შესთავაზებს.
ქორეოგრაფი მზადაა, ასე შეუმსუბუქოს კორონავირუსით გამოწვეული სტრესი საზოგადოების ამ წევრებს.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge. აქამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 15 იყო.
ამასთან შეიცვალა სხვა მონაცემები: კარანტინის რეჟიმში იმყოფება 126 ადამიანი (აქამდე იყო 178), ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 (იყო 56).
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 119 108 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაცვლილია 4 284 და გამოჯანმრთელებულია 65 776 ადამიანი.