თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება – შეიტანოს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებაში (SNV-III) შემუშავების პროცესში მყოფი რუსული იარაღი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ორშაბათს ვაშინგტონში დაასახელეს ის შეიარაღება, რომელიც უნდა დაემატოს SNV-III-ის შეთანხმებას, რომელსაც ვადა 2021 წლის დასაწყისში გასდის. სხვებთან ერთად მოიხსენიეს ბირთვულ გამწევიანი წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“, ფრთოსანი რაკეტა ბირთვული შეიარაღებითა და საჰაერო ბაზირების ბალისტიკური რაკეტა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო, ჩამოთვლილია ახალი რუსული შეიარაღების ყველა შესაძლო სახეობა, მათ შორის, დამუშავების სტადიაში მყოფი, რომლებიც ჯერ არ შესულა შეიარაღებაში. ასეთი სახის შეზღუდვები კი, რომლებიც მიმდინარე, ჯერ დაუსრულებელ სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებს ეხება, იქნება ეს რუსული თუ ამერიკული, პრინციპულად გამორიცხულია და არ ექვემდებარება განხილვებს არც ახლა და არც მომავალში“, — განაცხადა კოსაჩოვმა.
სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ SNV-III-ის გაგრძელება „შესაძლებელია და სასურველი და ამისათვის დრო სავსებით საკმარისია“. თუმცა, მისი თქმით, შეთანხმების მოდიფიკაციისთვის დრო აღარ რჩება.
ხელშეკრულება SNV-III
სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს მოეწერა და ის ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა.
ეს დოკუმენტი ერთადერთი მოქმედი ხელშეკრულებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. შეთანხმებას ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის.
მანამდე დონალ ტრამპმა გამოთქვა სურვილი, რომ რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს შორის ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმება შემუშავებულიყო, მაგრამ პეკინმა ეს იდეა უარყო. ხელშეკრულების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია შეამციროს საკუთარი ბირთვული არსენალი ისე, რომ შვიდი წლის შემდეგ და ამის შემდგომ პერიოდში შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აჭარბებდეს 700 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავებზე განთავსებულ ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, ასევე 1550 ქობინს და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.
2018 წლის 5 თებერვალს იყო ბოლო ვადა, როდესაც რუსეთსა და აშშ-ს SNV-III-თან დაკავშირებით საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ.