თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მმართველ პარტიასთან ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოდელის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა ხელი საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობითა და მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად 8 მარტს მოაწერეს.
„შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საკვანძოა დაძაბულობის განსამუხტად და საქართველოსთვის იმ რისკების ასაცილებლად, რასაც უაღრესად დაძაბული გარემო და პოლიტპატიმრების არსებობა ქმნის. ბუნებრივია, მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო ტესტი ამ შეთანხმების შესრულება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქართული საზოგადოების დაკვეთა იყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიღწეულ შეთანხმებაში დაფიქსირებულია არა მარტო პროპორცია პარტიულ სიებსა და მაჟორიტარებს შორის („120/30“) და საარჩევნო ბარიერი, არამედ ახალი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების მყარი კრიტერიუმები და ვადებიც.
„ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდებიან იმ პირთა პოლიტიკურ სტატუსზე, რომლებიც დაპატიმრებული არიან 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო. ოპოზიცია მათ, ბუნებრივია, პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, ხელისუფლება ამას არ აღიარებს, თუმცა მხარეები შეჯერდნენ ერთობლივ დოკუმენტში იმაზე, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა იმგვარად, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ჰქონდეს განცდა, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული, საკვანძოა ვითარების განმუხტვისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია ამ შეთანხმების შესრულება, როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ პრეზიდენტს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ხელი შეუწყონ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრას მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური ინსტრუმენტების გამოყენებით.
რაც შეეხება დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არჩევნები უნდა იყოს იდეებისა და შეხედულებების ჭიდილი არა პოლიტიკური ამბიციების, არამედ საქართველოს მომავალი განვითარების შესახებ.