საქართველოს ანაკლიის პროექტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში EBRD დაეხმარება

გამოწერა
რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, ახალი ინვესტორის მოსვლისთანავე მთავრობა მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სტრატეგიულ პროექტად რჩება და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზადაა საქართველოს ახალი ინვესტორის მოძიებაში დაეხმაროს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა ანაკლიის პორტზე: მიმდინარეობს სატენდერო პირობების გადახედვა

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და საბოლოოდ გაწყვიტა საინვესტიციო შეთანხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელმაც 2019 წლის დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. ხელისუფლება უკვე ახალ ტენდერს ამზადებს.

„კონკრეტული გეგმა არის ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება. ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს ინტერესთა გამოხატვის ახალ პირობებს. ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზად არის ჩაერთოს პროცესში და სპეციალისტების კონსულტაციით დაგვეხმაროს იმისთვის, რომ უფრო გამართული ინტერესთა გამოხატვის პირობები მომზადდეს, რათა მომავალში მარტივი იყოს ინვესტორის მოძიება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამავე დროს, რეგიონული განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ინვესტორის მოსვლისთანავე მთავრობა მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს. 

ანაკლიის სანაპირო - Sputnik საქართველო
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

„როგორც იცით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ დაასრულა საპროექტო სამუშაოები და ახალი ინვესტორის გრაფიკის შესაბამისად დაიგეგმება იმ საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, რომელიც ანაკლიის პორტს ჩვენს სხვა საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან დააკავშირებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანაკლიის პორტის განვითარება ჯერ კიდევ მთავრობის გეგმებშია

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებისა და „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართვის მიზნით იქნა მიღებული.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. ამჟამად პორტის მშენებლობა გაჩერებულია.

საქართველოში ამჟამად მოქმედი ბათუმისა და ფოთის პორტების სიღრმე არასაკმარისია დიდი გემებისთვის – სიღრმე იქ 8,5-დან 10 მეტრამდეა. ამის გამო საქართველოსკენ მომავალი დიდი გემები იძულებული არიან გაჩერდნენ სტამბულის, ნოვოროსიისკის ან უკრაინის პორტებში.

ყველა ახალი ამბავი
0