თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საჩხერის რაიონში უნიკალური არქიტექტურული კომპლექსის - „მოდინახეს" ციხის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე.
ციხე მაქსიმალურად მიამსგავსეს პირვანდელ იერსახეს. აღდგა ორივე კოშკზე შემავსებლისგან გამოფიტული საპირე წყობები ავთენტური ქვის მასალით, კირდუღაბით მოეწყო საპირეებს შორის ბუტის წყობა, ნაწილობრივ აღდგა კოშკებს შორის ციხის კედელი.
„მოდინახეს“ ციხეში სარესტავრაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და ერთი წელიწადი გაგრძელდა. ციხის რესტავრაცია საქველმოქმედო ფონდ „ქართუმ“ განახორციელა.
„მოდინახეს" ციხე XVIII საუკუნის 30-იან წლებში თავადმა პაპუნა წერეთელმა ააშენა, რომელიც ციხე-სიმაგრეს XIX საუკუნის დასაწყისამდე საკუთარ რეზიდენციად იყენებდა. ისტორიული ძეგლი 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა.
სიყვარული ქართულად, ანუ Love Story-ს ტოპ-ხუთეული საქართველოდან >>
საინტერესოა ციხე-სიმაგრის სახელთან დაკავშირებული ლეგენდა. ისტორიის თანახმად, თავადმა დავით აბაშიძემ პაპუნა წერეთელს ქალიშვილის მითხოვებაზე უარი უთხრა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სასიძოს ციხე არ ჰქონდა. პაპუნამ უარი არ თქვა საცოლეზე და ციხე ააშენა. ახალ რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ მან დავით აბაშიძეს მისწერა: „მოდი და ნახე". სწორედ აქედან მომდინარეობს ციხის სახელწოდება.