თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდგინდათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
გამყრელიძის თქმით, უკვე გამოიკვლიეს მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 25 პირი, დანარჩენი კონტაქტების კვლევა კი გრძელდება.
„44 წლის მამაკაცთან დაკავშირებული ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათგან აღებული იყო ნიმუშები და გადაგზავნილი შესამოწმებლად. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ოჯახური შემთხვევები, ყველა გახლდა იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა პაციენტი უკვე მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
დღევანდელი საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.
დღევანდელ დღემდე საქართველოში კორონავირუსი უფიქსირდებოდა სამ პირს - ირანში ნამყოფ ორ მამაკაცს და იტალიიდან ჩამოსულ 31 წლის ქალს.
ყველა ინფიცირებულიდან შედარებით საყურადღებოა იტალიიდან ჩამოსული 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა.
„ყველა შემთხვევა ამ ეტაპისთვის კლინიკურად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ანუ კლინიკური მიმდინარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ გუშინ დადასტურებული მეოთხე შემთხვევა, წინა სამ შემთხვევასთან შედარებით გახლავთ უფრო საყურადღებო კლინიკურად და მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და შესაბამისი მკურნალობა. დანარჩენი 5 ადამიანი დღეს საღამოს იქნენ მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური მეთვალყურეობა და დამატებითი კლინიკური კვლევები. ლაბორატორიულად ისინი გამოკვლეულები არიან და მათ დადასტურებული აქვთ კორონავირუსული ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 45 პაციენტი რჩება.