თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისში 6-8 მარტს ფემინისტური კინოს ფესტივალი „როზადან სიმონამდე“ (From Rosa to Simone) გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფემინისტისა და ჩოხოსნის ჯვრისწერა: ირინა ტორონჯაძე ფოტოებს ავრცელებს >>
კინოჩვენებები ბარ Politika-ში გაიმართება. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ყველა ფილმი ქართული სუბტიტრებით გავა.
„ქალები სიყვარულს უხსნიან ქალებს - მეგობრულად, პლატონურად, ვნებიანად, იმედით, უიმედოდ, სიხარულით, შიშით, ფარულად თუ ხმამაღლა. ურთიერთობები კი ვითარდება გარემოში, რომელიც მათ არსებობას არ აღიარებს, ან არ იმჩნევს. მიუხედავად ამისა, ქალები სიყვარულს უხსნიან ქალებს, უხსოვარი დროიდან მოყოლებული“, - წერენ ორგანიზატორები.
ფესტივალს გახსნის დონა ჰარავეის (Donna Haraway) შესახებ დოკუმენტური პორტრეტი, რომელიც თანამედროვე ფილოსოფიის, ახალი მატერიალიზმის და კიბერფემინიზმის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.
ღონისძიების ორგანიზატორია - „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (Women's Initiatives Supporting Group, WISG), მხარდამჭერი - არაკომერციული ორგანიზაცია „სექსუალური განათლების შვედური ასოციაცია“ (Swedish Association for Sexuality Education, RFSU).