თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვი ბოლო სამის დღის განმავლობაში არ გაზრდილა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდგინდა, რომელთაგანაც ორი მამაკაცი და ერთი ქალია.
„საქართველოში ეპიდსიტუაცია გუშინდელთან შედარებით დიდიად არ შეცვლილა, 30 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში სულ არის 239 შესაძლო შემთხვევა, აქედან სამი რჩება ისევ დადასტურებული დადებითი შემთხვევა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ დადასტურებული შემთხვევათა რიცხვის მატება არ გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, დილიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად სულ 21 ნიმუში შევიდა. აქედან 16 ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და 5 იმერეთიდან.
„ხუთის ტესტირება დამთავრებულია და ყველა გახლავთ უარყოფითი. 16-ის ტესტირება მიმდინარეობს. კიდევ 8 ნიმუშია აღებული დღის მეორე ნახევარში და მოდის ლუგარში შემდგომი კვლევისთვის“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში 140 ადამიანი რჩება. მათგან აბასთუმანში - 26, თბილისის კლინიკა „ვივამედში“ -34 , საჩხერეში - 26, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში - 23, ტუბერკულიოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში -15 და გორის ჰოსპიტალში - 16 ადამიანია მოთავსებული.
ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
კალაძე: კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს >>
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადიან.