თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა ახლა იმ რეალობაშია, როდესაც აგრესიამ და სიძულვილმა შეცვალა ქართული საზოგადოება, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ წინ წავიდეს, ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს.
„სად ვართ ამ დროს ჩვენ? იმის მაგივრად, რომ ერთად, ყველა ჩვენი ძალითა და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე, გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ", – განაცხადა ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
მისი სიტყვებით, საზოგადოებაში ერთიანობის ნაცვლად ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა.
„აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. ჩვენ მივიღეთ აგრესია შემწყნარებლობის ნაცვლად, სიძულვილი სიყვარულის ნაცვლად, შეურაცხყოფა ზრდილობის ნაცვლად, ეგოიზმი და კარჩაკეტილობა სოლიდარობის ნაცვლად, შიში ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან არის ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებას უფრო მეტად აინტერესებს პოლიტიკური ვნებები და იგი საკუთარ აგრესიას ამაში გამოხატავს.
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია.
ზურაბიშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ასევე საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სახელმწიფოს მეთაურის რანგში ზურაბიშვილისთვის დეპუტატების წინაშე ეს გამოსვლა რიგით მეორეა. პირველად იგი დეპუტატების წინაშე 2019 წლის მარტში წარდგა.