თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო, მეოთხე ეტაპი 7 მარტიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო.
კალაძის განმარტებით, მესამე ეტაპის სამუშაოები, რომელიც კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დასრულდება და ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
„7 მარტიდან ჩვენ გადავდივართ სამუშაოების ბოლო, მეოთხე ეტაპზე. კერძოდ, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე დარჩენილი 400-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად რეაბილიტირებული იქნება", – აღნიშნა თბილისის მერმა.
მეოთხე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული საგზაო მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
საერთო ჯამში ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში 2,5 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდება.
ჭავჭავაძის გამზირი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. ასევე მთლიანად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED-განათების სისტემა.
სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით თბილისის ხელისუფლებამ გამზირის ეტაპობრივად გადაკეტვა გადაწყვიტა.