გამყრელიძე: კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია

© photo: Sputnikლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კორონავირუსუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში სულ 150-მდე ადამიანი რჩება

თბილისი, 3 მარტი - Spurnik. ფულის ბანკნოტები, შესაძლოა, ახალი კორონავირუსის გავრცელების წყაროდ იქცეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი რეკომენდაციები გაავრცელა. მან მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდოს ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადოს, გადახდები ელექტრონულად აწარმოოს.

„გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახლავთ ფულის ბანკნოტები. ამიტომ, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ ამ პერიოდში ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონულად იყოს. იქ, სადაც აუცილებელია ე.წ. ქეშით გადახდა, სასურველია ფულთან კონტაქტის შემდეგ დავიმუშაოთ ხელები“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია - Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემები საქართველოში კორონავირუსის შესახებ: კარანტინში 150-მდე ადამიანი რჩება

ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, უმჯობესია, თუ ბანკების ფილიალებში ექნებათ ხელის სადეზინფექციო სითხეები, რათა თანამშრომლებსა და კლიენტებს ფულთან კონტაქტის შემდეგ ხელების დამუშავების საშუალება ჰქონდეთ.

„მინდა, მოვუწოდო  ბანკებს და განსაკუთრებით იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს ე.წ. ქეშით, რომ ხელი შეუწყონ, იქნებ ფულის გაცემა მოხდეს ელექტრონულად, ხოლო თუ მათ ეს არ უნდათ, შეუქმნან შესაძლებლობები, რომ ფულის აღების შემდეგ ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა. ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან და თავს კარგად გრძნობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში სულ 150-მდე ადამიანი რჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0