პუბლიკაცია, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, წარსულში უკვე იყო გამოქვეყნებული „Sputnik–საქართველოს“ გვერდზე და ფართო რეზონანსიც მოჰყვა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, ხოლო დარია კოროლკოვას მიერ თავისი თინეიჯერი ქალიშვილისადმი მიწერილი წერილი დღემდე აქტიურად განიხილება ინტერნეტში, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის.
მით უმეტეს, რომ ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა მასში საჭირო რჩევები მოძებნოს.
დარია კოროლკოვას წერილი ასე გამოიყურება:
1. 3 წლის მერე შეიძლება სახლიდან გაგაგდო. საშინლად ჟღერს, არა? მაგრამ იცოდე, რომ 18 წლისას მოქმედების ორი გზა გექნება:
ა) აბარებ უმაღლესში და მეც ყველანაირად გეხმარები მის დამთავრებამდე ან სამსახურის შოვნამდე; ბ) ან სწავლას „იკიდებ“ (ამის გამო არასდროს გისაყვედურებ), მუშაობას იწყებ და თავად იკმაყოფილებ საკუთარ მოთხოვნებს. მე არ ვაპირებ შევინახო 18 წელს გადაცილებული გოგო, რომელიც არ სწავლობს, იმიტომ რომ ეს არასწორად მიმაჩნია.
3 წელი გაქვს დარჩენილი არჩევანის გასაკეთებლად…
ჰო, მართლა, ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ, როგორ გადავაკეთოთ ბინა: შენ ოთახში ჩვენი საძინებელი იქნება.
2. შენ ჩემზე ბევრად უკეთესი ხარ. შენ შესანიშნავი გოგო ხარ. 15 წელია გიცნობ და ვიცი, რომ შენ იმაზე ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე ყველაზე თამამ ოცნებაში წარმოვიდგენდი. თუ ეს ვინმეს არ ესმის, ეს მისი პრობლემაა. და კიდევ ცოტა მამიკოსიც… თუმცა მას კიბეებიდან ვიღაცების დაშვება კარგად გამოსდის და ამიტომ არ ვნერვიულობ.
3. შენ აბსოლუტურად სხვა, ცალკე პიროვნება ხარ. შენ არ უნდა გიყვარდეს ის, რაც მე მიყვარს — სრული უფლება გაქვს, არ გაითვალისწინო ჩემი შეხედულებები და არ მიჰყვე ჩემს ღირებულებებს. ოღონდ არის ერთი ნიუანსი: მერე პასუხისგებაც თავად მოგიწევს ყველაფერზე.
4. შეგიძლია გახდე მეეზოვე, „მანიკურშა“, დურგალი, ხარატი, დიასახლისი, ბიზნეს-ანალიტიკოსი, ოფის-მენეჯერი თუ „აშანის“ მოლარე. შენი ცხოვრების გზის არჩევაში არ ჩავერევი, მაგრამ აუცილებლად გადაიკითხე პირველი პუნქტი.
5. იმისთვის არ გამიზრდიხარ, რომ ვალის გადახდა მოგთხოვო. ეშმაკსაც წაუღია, მე შენგან არც ჭიქა წყლის მოწოდებას ველოდები და არც მაძღარ სიბერეს, არც შენ „ნობელებზე“ ვოცნებობ. სრული უფლება გაქვს აირჩიო ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და ფასეული, ან კიდევ ყველაფერი თავის დინებაზე მიუშვა. ეს შენი ცხოვრებაა და არჩევანიც შენზეა.
6. მე მუდამ გვერდში გეყოლები, თუ დაგჭირდები — რაც უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში. თუ მთხოვ, შეგიცოდებ და მხარში ამოგიდგები, თანაგიგრძნობ და შევეცდები დაგეხმარო. მაგრამ არასდროს ჩავერევი შენ საქმეში ჩემი ნებით.
გაბრაზებული დედის პასუხი: ჩემი შვილი ვალდებული არ არის, თქვენსას სათამაშო ათხოვოს>>
7. ვალდებული არ ვარ, დამისტვინო და მეც შენ გამო ყველა საქმე მივატოვო, ჩემი კომფორტი შენი კომფორტის გამო დავთმო. შემიძლია, მაგრამ ვალდებული არ ვარ.
8. ვის გაჰყვები ცოლად, გააჩენ თუ არა შვილებს, გახდები თუ არა ლესბოსელი, შეხვალ თუ არა „ედინაია როსიაში“ — ამ ყველაფერს ყოველთვის თავად გადაწყვეტ. ჩემმა შეხედულებებმა, პოლიტიკურმა სიმპათიებმა და ცხოვრებისეულმა რწმენამ შენზე არანაირი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს. შენ შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც გული, სინდისი და ანგარება, გამორჩენის ინტერესი გკარნახობს. ამის გამო არ დამკარგავ, არ ამოიშლები ჩემი შვილობიდან, არ იქცევი პერსონა ნონ-გრატად.
9. ამის გაგება იოლი არაა, მაგრამ სიმართლე კია: ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. ჰო, მეც. ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ვითარებაში იქცევა ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად. არავინ იფუჭებს ცხოვრებას შეგნებულად (თუ ფსიქიკურად ჯანმრთელია), ადამიანები ისე იქცევიან, როგორც მათთვისაა უკეთესი. არაუმეტეს. უბრალოდ, ჩვენი წარმოსახვები სამყაროზე ერთმანეთს არ ემთხვევა.
10. არ არსებობს არც წარმატების მიღწევის გარანტირებული ხერხები და არც წარუმატებლობის თავიდან აცილებისა. შენ ვერ აკონტროლებ სამყაროს. შეიძლება ყველაფერი სწორად გააკეთო, მაგრამ მაინც ტრ…ში აღმოჩნდე. შეიძლება ქვეყნად ყველა წესი დაარღვიო, მაგრამ მაინც დაიპყრო მწვერვალები.
11. ერთადერთი, რაზეც უნდა ფიქრობდე — ეს პატიოსნებაა. თავი არ მოიტყუო. ისწავლე საკუთარი თავის გაგება. გააცნობიერე ჭეშმარიტი მოთხოვნილებები და გრძნობები. იფიქრე ისე, როგორც შენთვის აჯობებს.
12. სად დაიკავებ სხვის ადგილს — ინსტიტუტში თუ მაღაზიის სალაროსთან, ვიღაცის ცხოვრების სიყვარულთან დაიწყებ შეხვედრას, თუ ვიღაცის საყვარელ ადგილზე დაჯდები კინოში — ამაზე ბევრი არ იფიქრო. შენი „ცუდი“ ყოველთვის იქნება ვიღაცისთვის „კარგი“. ასე რომ, გაქვითულები იქნებით.
დედის მინაწერი აუტისტი ბიჭის ფოტოზე, რომელმაც მსოფლიოს ადამიანები შეძრა>>
13. 18 წლიდან საკუთარ ცხოვრებაზე თავად აგებ პასუხს… ბავშვიც გააჩინე, თუ მის მარტო გაზრდას შეძლებ. შეეჭიდე პროექტს, თუ კოლეგების გარეშე, მარტო მის დაძლევას მოახერხებ. ემიგრაციაში წადი, თუ უცხო ქვეყანაში მარტო დარჩენა არ გაშინებს. მარტო! თუ გაგიმართლებს და დამხმარეები გამოგიჩნდებიან — ახლობლები და მეგობრები, ცხოვრება გაგიიოლდება. მაგრამ ისინი შენთან ვალში არ არიან. ამის იმედი არ გქონდეს.
14. ყველა ნაბიჯს მოსდევს შედეგი. შესაძლოა, ყველაფერს წინასწარ ვერ ხვდებოდე, მაგრამ ეცადე მაქსიმუმი გათვალო. რაც უკეთ გათვლი ვარიანტებს, მით გონივრული იქნება შენი ნაბიჯები.
15. 14 პუნქტი ჩამოგიწიკწიკე, რომლებიც, ჩემი აზრით, შენს ცხოვრებას ჩემსაზე უკეთესს გახდის. მაგრამ შენ მე არ ხარ. არ შემედარო. ჩემზე არ სწორდე. წადი და იცხოვრე. იმისთვის არ გამიჩენიხარ, რომ ჩემი შვილი იყო. მე მინდოდა სამყაროში ისეთი ადამიანი მომევლინა, რომელიც საკუთარი ცხოვრებით იცხოვრებდა. ჰოდა, წადი და იცხოვრე.
15 ა) ოღონდ მერე არ იწუწუნო.
15 ბ) და არ გამორთო ტელეფონი. ვნერვიულობ.