თბილისი, 3 მარტი — Sputnik. კორონავირუსი COVID-2019-ის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობას გააუმჯობესებს, აშშ-ში, შესაძლოა, უკვე ორიოდე თვეში იყოს მზად, განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, „პროფილაქტიკური წამლები, რომლებიც შვებას მისცემს კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, ამ ზაფხულს ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი“.
ამასთან მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე ბევრი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია მუშაობს და მისი კლინიკური გამოცდები უახლოეს ექვს კვირაში დაიწყება. თუმცა ვაქცინა მხოლოდ ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი.
როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, აშშ-ის ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა კონსორციუმი ჩამოაყალიბეს COVID-2019-ის სამკურნალო წამლებისა და ვაქცინის ერთობლივად შესაქმნელად და ინფორმაციის გასაცვლელად.
გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევიდან მხოლოდ 3 დადასტურდა>>
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 936 ადამიანს მიაღწია. აქედან ჩინეთზე 80 151 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (4 812 კაცი), მესამეზე ირანი (1501), ხოლო მეოთხეზე იტალიაა (2036). სულ ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 3 117 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 47 995 პაციენტი.
საქართველოში ამ დროისათვის დადასტურებულია COVID-2019-ის სამი შემთხვევა.