თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაკეთდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჰოსპიტალი მოემსახურება რისკ-ჯგუფში შემავალ პაციენტებს, ხოლო მათი მკურნალობა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტებით მოხდება.
პაციენტები, რომლებიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. შექმნილია კრიზისული სიტუაციების მართვის ჯგუფი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ექიმები რეკომენდაციების შესატყვისად მოქმედებენ.
ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოთხი ადამიანია მოთავსებული, რომლებსაც ექიმები აკვირდებიან. აქედან სამი სამხედრო მოსამსახურეა, ერთი კი სამოქალაქო პირი. მათ ვირუსული ინფექცია არ დაუდგინდათ, მაგრამ ე. წ. ბოქსებში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.
აუცილებლობის შემთხვევაში ჰოსპიტალს 180 პაციენტის მიღება შეუძლია.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა>>
საკარანტინო ზონად არის გადაკეთებული საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო. მას 88 პაციენტის მიღება შეუძლია.
2 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი მამაკაცი ირანიდან ჩამოვიდა, ხოლო ერთი ქალი - იტალიიდან.
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გადატანა გადაწყვიტა. საგაზაფხულო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არა 9 მარტს, არამედ დღეს, 2 მარტს დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
კორონავირუსი საქართველოში: ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება>>
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გაუქმდეს ღონისძიებები, რომლებიც ადამიანების მასობრივ თავშეყრას ითვალისწინებს.