დასახელდა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის თარიღი

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში 4 მარტს გამოვა სიტყვით. ეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის რანგში მისი მეორე გამოსვლა იქნება

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოთხშაბათს, 4 მარტს, პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას წაიკითხავს, როგორც ამას კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს.

გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული. ზურაბიშვილისთვის ეს დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის რანგში რიგით მეორე გამოსვლა იქნება. პირველად იგი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით 2019 წლის მარტში გამოვიდა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს - თებერვლის დასაწყისში - ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს. თუმცა, როგორც წესი, ეს მოგვიანებით ხდება ხოლმე.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერებს გამოწვევას სთავაზობს

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, 10-10 წუთი ეთმობა იმ ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლებს, რომლებიც უმრავლესობაში ან უმცირესობაში არ შედიან, 15-15 წუთი კი - უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს.

დებატების დასრულების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს უფლება აქვს, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვას.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. წინასაარჩევნო კამპანიისას მას აქტიურად უჭერდა მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც საკუთარი კანდიდატი არ წამოუყენებია.

ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მისი მეტოქე იყო ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ზურაბიშვილი კავკასიის რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. საქართველოს პრეზიდენტად არჩევამდე ზურაბიშვილი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0