თბილისი, 2 მარტი — Sputnik. სახელმწიფო უწყებებს, სახელმწიფო სერვისებს, რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდებათ - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი არ გაზრდილა, ინფიცირებულთა მდგომარეობა კი სტაბილურია. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კარანტინში 120 ადამიანი იმყოფება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეზობელ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს ირანიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეების ჩვენს ქვეყანაში შემოყვანისთვის, რომლებიც ამ დროისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფებიან. მათი ტრანსპორტირება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდება.
საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, სადაც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურს-ცენტრების და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან. დეზინფექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება მასობრივი თავშეყრის ყველა ადგილში.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
2 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 87 161 ადამიანს მიაღწია. მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 80 026-ს მიაღწია, მათგან 2 912 გარდაიცვალა, 44 462 - გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა.