თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქვეყანა ეპიდემიისგან შორსაა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დაინციფირების სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხეიძემ.
მისი სიტყვებით, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენისთანავე, კლინიკამ კონკრეტული რეკომენდაციები მიიღო. ამ დროისთვის მედპერსონალის ტრენინგი მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს დაავადების გამოვლენა და მსგავს შემთხვევებში თუ როგორ უნდა იმოქმედოს პერსონალმა.
ამასთან, კლინიკამ მიიღო რეკომენდაციები იმ ექიმების ეკიპირების კუთხით, რომელთაც ასეთ პაციენტებთან აქვთ კონტაქტი.
„პერსონალი, რომელთაც პაციენტებთან კონტაქტი აქვთ, მაქსიმალურად ეკიპირებული არიან. როგორც კი საეჭვო შემთხვევა იქნება, ჩვენ ვალდებულება გვაქვს დავუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ვითარების თანახმად მოვიქცეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ეპიდემიისგან შორს ვართ, კორონავირუსის შემთხვევაში ჩვენ სამი პაციენტი გვყავს. ასე რომ, არათუ ეპიდემიის, არამედ გახშირებულ შემთხვევებზეც არ უნდა ვისაუბროთ, რამდენადაც ეს ციფრი დაბალია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი სიტყვებით, დაბალი ტემპერატურა ვირუსისთვის ხელსაყრელია, ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ვირუსების რიცხვი შემცირდება.
ჩხაიძემ ჟურნალისტებს იმ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო, რომელიც იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მას А ტიპის გრიპის ვირუსი აღმოაჩნდა. იაშვილის კლინიკაში მოზარდი იმის გამო მოხვდა, რომ დედას კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ჩხაიძე ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ბავშვებში კორონავირუსი არ ვრცელდება. როგორც მან აღნიშნა, მოცემული აზრი დაფუძნებულია არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ ავადდებიან ბავშვები ნაკლებად კორონავირუსით, ვიდრე ასაკოვანი ხალხი, თუმცა, თეორიულ დონეზე არის საფუძვლიანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს შორის ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი დაკავშირებულია იმუნიზაციასთან, რომელთაც ბავშვებს უტარდებათ.
„დაინფიცირებულთა შორის მხოლოდ 2%-ია 20 წლამდე ასაკის. 15 წლამდე კატეგორიაში - ეს არის ასაკი, რომელიც რეალურად ითვლება ბავშვურ ასაკად - ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, ჩხაიძემ არ გამორიცხა, რომ მარტში რესპირატორული დაავადებების უმნიშვნელო აქტიურობაა მოსალოდნელი.
2 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა - ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.