თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ოპოზიციამ რაიმე მიზეზი თუ არ გამოიგონა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული იქნება, ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში შეხვედრის შემდეგ განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე, როგორც უმრავლესობის სხვა ლიდერები, არ აზუსტებს დეტალებს, მაგრამ აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს დახვეწილ, პროპორციულთან მიახლოებულ და სამართლიან სისტემას.
„თუ ცოტა პასუხისმგებლობას გამოიჩენს ოპოზიციური სპექტრი, რომ შეთანხმება შედგა, მაქსიმალური ვადა არის 9 მარტამდე. თუ ისინი არ წამოვლენ ამაზე, მაშინ მოუწევთ განმარტების მიცემა საზოგადოებისთვის, რატომ თქვეს უარი რამდენიმეგვარ დამზღვევ მექანიზმზე, რაც გამორიცხავს იმ წუხილს, რომელიც მათ გაახმაურეს ბოლო დღეებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის პოზიციას იზიარებს ასევე პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე.
მისი თქმით, ოპოზიციის ყველა პრინციპული მოთხოვნა, დაწყებული პროპორციულ სისტემაზე გადასვლით, გამსვლელი ბარიერით და 40%-იანი პრინციპით დამთავრებული, გათვალისწინებული და ასახულია დოკუმენტში, რომელსაც მმართველი გუნდი თავის ოპონენტებს გააცნობს.
მხარეები უკვე მთლიანად შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ნორმაზე, რომლის თანახმად ის პარტია ან ბლოკი, რომელიც არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებ ხმებს მიიღებს, მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს. ამჟამად მხარეები დეტალებზე მსჯელობენ.
საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც თავდაპირველად ერთმანდატიანი ოლქების რიცხვის 73-დან 50-მდე შემცირება შესთავაზა, დათმობაზე წავიდა და ახლა 40 ოლქის დატოვებაზე დათანხმდა.
მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შერეული სისტემით, რომლის თანახმადაც, 150-დან 73 დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა, დანარჩენი კი - პროპორციული სისტემით, მინიმალური 3%-იანი ბარიერის გადალახვის პირობებში.