თბილისი, 1 მარტი - Sputnik. მაშველებმა მდინარე იორში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ ორი მოქალაქე გაუჩინარდა. სავარაუდოდ, ისინი მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც მდინარეში ჩაცვივდნენ.
ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა მდინარეში გადავარდნილი მოქალაქეების ადგილსამყოფელს ვეღარ მიაგნეს და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, ასევე, გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების და მყვინთავთა ჯგუფები.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.