გენიოსი ბუხუტი ივანიჩი: როგორ გადაარჩინა ქართველმა დიდოსტატმა მარცხს მსოფლიო ჩემპიონი

© Pixabay / Klimkinჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭადრაკში პირველი ქართველი დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე უაღრესად საინტერესო პიროვნება გახლდათ. ის წლების განმავლობაში იყო ნანა ალექსანდრიასა და ნანა იოსელიანის პირადი მწვრთნელი და დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ქალთა მაშინდელ ტრიუმფში.

ჭადრაკის დიდებულ მცოდნეს, განუმეორებელ თეორეტიკოსს ბევრჯერ ნამდვილი სასწაული მოუხდენია და უიმედო პოზიციაში გადადებული პარტიები გადაურჩენია. ერთი ასეთი შემთხვევის მომსწრე მეც გახლავართ და მინდა გავიხსენო.

© Photo: National Library of georgia ბუხუტი გურგენიძე
გენიოსი ბუხუტი ივანიჩი: როგორ გადაარჩინა ქართველმა დიდოსტატმა მარცხს მსოფლიო ჩემპიონი - Sputnik საქართველო
ბუხუტი გურგენიძე

გურგენიძეების ოჯახში შინაურ კაცად ვითვლებოდი, ვმეგობრობდი თავად ოჯახის უფროსთან, მის მეუღლესთან — ქალბატონ ლიასთან და შვილებთან — ზუკასა და ნანასთან. 1984 წლის შემოდგომაა. ბუხუტის სახლში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტის დასაწყისში პრეფერანსს ვთამაშობთ დიდოსტატ გენადი ზაიჩიკთან და გენრიხ იმნაძესთან ერთად. თამაშმა ისე გაგვიტაცა, როგორ შემოგვაღამდა, ვერ გავიგეთ. ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის კარპოვ-კასპაროვის პირველი მატჩი მიმდინარეობს.

შუაღამისას ტელეფონის გაბმულმა ზარმა შეგვაწყვეტინა „ბრძოლა“. ლენინგრადიდან (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) ედუარდ გუფელდი რეკავდა. გუფელდი, თბილისელი დიდოსტატი, კასპაროვის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. 41(!)-ე პარტია კასპაროვისთვის ძალიან მძიმე პოზიციაში გადადებულიყო, მარცხის შემთხვევაში ჩემპიონი კარპოვი ხდებოდა. გუფელდს უთქვამს, ამ პარტიის გადარჩენა მხოლოდ ერთ კაცს შეუძლიაო და დარეკეს თბილისში.

ბუხუტის პოზიცია უკარნახეს, მერე კი თავად გარი კასპაროვი დაელაპარაკა: ბუხუტი ივანიჩ, მხოლოდ შენი იმედი დამრჩა, თუ ვერ მიშველე – დავიღუპეო.

© ეროვნული არქივინანა ალექსანდრია და ბუხუტი გურგენიძე
გენიოსი ბუხუტი ივანიჩი: როგორ გადაარჩინა ქართველმა დიდოსტატმა მარცხს მსოფლიო ჩემპიონი - Sputnik საქართველო
ნანა ალექსანდრია და ბუხუტი გურგენიძე

ბუხუტიმ უპასუხა, ორ საათში დამირეკეთო. გავიდა მეორე ოთახში და საქმეს შეუდგა. ამასობასი ჩვენც გადავხედეთ პარტიას და მეც კი მივხვდი, რომ ვითარება პრაქტიკულად უიმედო იყო. გენას გაეღიმა, შენ არ იცი, ივანიჩს რა შეუძლიაო.

ორ საათში ბუხუტი ოთახში შემობრუნდა. სახე უბრწყინავდა, თუმცა ხმა არ ამოუღია და ჩვენც არაფერი გვიკითხავს. მალე ისევ გაისმა ტელეფონის გაბმული ზარი. საუბარი მალე დასრულდა და ჩვენც დავინტერესდით, რა გამოსავალი მოიძებნა. როგორც გაირკვა, ქართველ დიდოსტატს პარტიის გადარჩენის ერთადერთი ვარიანტი მოეძებნა, რომლის მეშვეობითაც, სვლების გამეორებით ყაიმის მიღწევა შეიძლებოდა.

რამდენიმე წუთში ტელეფონმა ისევ დარეკა. ღამის სიჩუმეში ოთახში მყოფთაც მშვენივრად გვესმოდა 2000 კილომეტრით დაშორებული ქალაქიდან გარი კასპაროვის ყვირილი:

„Бухути Иванич! Ты просто гений, настоящий гений“.

ბუხუტის სახე უდიდეს ნეტარებას გამოხატავდა. ეს იყო კმაყოფილება კაცისა, ვინც რაღაც შეუძლებელი შეძლო და მართლაც ასე გახლდათ. იმ წუთში ბუხუტი გურგენიძე უფრო დიდი იყო, ვიდრე გარი კასპაროვი და ანატოლი კარპოვი ერთად აღებული.

ყველა ახალი ამბავი
0