თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებმა თავდაცვის სფეროში 2020 წლის თანამშრომლობის პროგრამა დაამტკიცეს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
დოკუმენტს ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერევანში ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც სომეხ კოლეგა დავიდ ტონოიანთან ერთად განხილული იქნა ორმხრივი თანამშროლობის, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, ალტერნატივა არ აქვს კონფლიქტების მშვიდობიან გადაჭრას, ისევე, როგორც რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას", – განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სომეხი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ Noble Partner 2020-ის სწავლებებში.
„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ სომეხი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში Noble Partner 2020", – აღნიშნა მან.
მან იმედი გამთქვა, რომ სომხური მხარე მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავს წვრთნებში მონაწილეობას.
ტონოიანმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს იმისთვის, რომ მან საკუთარი პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში განახორციელა.
„სომხეთსა და საქართველოს პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკის სფეროებსა და უსაფრთხოების დარგში ერთმანეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა.