თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც გამოუვლინდა კორონავირუსი, საქართველოს საზღვარამდე სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველო ირანში მგზავრობაზე შეზღუდვებს აწესებს >>
საქართველოში დღეს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
გამყრელიძეს დაავადებულის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა მედიის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ის მარნეულის მკვიდრია.
„საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც მეგობართან ერთად ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა ირანში პირად საქმეებზე და საქართველოში დაბრუნდა გუშინ. ირანიდან საქართველოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. მას საზღვარზე დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები, რის გამოც გადაყვანილ იქნა პირდაპირ ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც კვლევები ჩაუტარდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მასთან ერთად მგზავრობდნენ, აზერბაიჯანში კარანტინზე იმყოფებიან, მისი ერთი მგზავრი ასევე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, მაგრამ მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქართველმა სპეციალისტებმა მაშინათვე დაიწყეს იმის დადგენა, სად შეიძლება დაინფიცირებულიყო პაციენტი.
„ეს კონტაქტები იწყება ირანიდან - იმ ქალაქებიდან, სადაც ის იმყოფებოდა. ჩვენ ღამით ვაცნობებთ ამის შესახებ შესაბამის უწყებებს აზერბაიჯანში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველო ემორჩილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სტანდარტებს, რომელიც ითვალისწინებს პაციენტის მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენას.
„ჯანმო უკვე მუშაობს მეზობელ ქვეყნებში, რათა გამოავლინოს ყველა შესაძლო კონტაქტი, რის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა განთავსდეს კარანტინში და ვინ - საავადმყოფოში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველოს ხელისუფლებამ დღეს ირანში მგზავრობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, მანამდე კი დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.