თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს აფთიაქებში სამედიცინო პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სფეროს წარმომადგენლები დეფიციტის მიზეზს სამედიცინო პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნილებითა და ასევე ჩინეთიდან პროდუქციის მოწოდების შეჩერებით ხსნიან.
ფარმაცევტულ კომპანია GPS-ში აცხადებენ, რომ მათ სამედიცინო პირბადეების გარკვეული მარაგი აქვთ, გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სააფთიაქო ქსელის ზოგიერთ ფილიალში მარაგის შევსებამდე პირბადეების დეფიციტი წარმოიქმნება, რაც მეორე დღისთვის ივსება. დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, GPS-ის ყველა აფთიაქში ერთ ჯერზე ერთ მომხმარებელზე მაქსიმუმ 20 პირბადეს გასცემენ.
ლიმიტი - 20 პირბადე ერთ ჯერზე - დადგენილია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელშიც.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ავერსის" ობიექტებში ამ ეტაპზე პროდუქციის მარაგი არსებობს, თუმცა ბაზებში, საიდანაც აფთიაქები მარაგდება, პირბადეები უკვე აღარ არის დარჩენილი.
დეფიციტის არსებობას ქართული ფარმაცევტული კომპანიები ჩინეთიდან პროდუქციის შემოტანის შეჩერებით ხსნიან - საქართველოში პირბადეების ძირითადი მომწოდებელი ჩინეთი იყო, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო, პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნაა.
„ავერსში“ აცხადებენ, რომ ეძებენ ალტერნატიულ მომწოდებლებს, რაც შეეხება ფასს, იგი არ გაზრდილა და კვლავ 18-20 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში სამედიცინო პირბადეების დეფიციტის არსებობას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე დგას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, რამდენადაც კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება.