თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან 2020 წლის იანვარში 193,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17,6%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
რეგულატორის ინფორმაციით, იანვარში ქვეყანას ესტუმრა 526,5 ათასი ვიზიტორი, მათ შორის ტურისტი – 363,6 ათასი ადამიანი. მაჩვენებლის ზრდამ, შესაბამისად, 21,5% და 18,9% შეადგინა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, სულ 2019 წელს შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებისგან 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 47 მლნ დოლარით, ან 1,4%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით.
საქართველო ვარაუდობდა, რომ ტურიზმის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, თუმცა, საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟისა და საპროტესტო ტალღის გამო რუსეთმა 8 ივლისს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. შედეგად, შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან.
გასული წლის დასაწყისში ტურიზმიდან შემოსავლების მაჩვენებელი 5%-ით იზრდებოდა. თუმცა, რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შემდეგ შემოსავლების ვარდნა დაფიქსირდა – ივლისში 8,6%-ით, აგვისტოში – 6,8%-ით, სექტემბერში – 4,9%-ით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემოსავლების ზრდა ტურიზმიდან ოქტომბერში განახლდა და 5,2%-ს გადააჭარბა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით – ნოემბერში 5,6%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში – 5,4%-ით.