თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მომატებული რისკის გამო, საქართველო კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც აღნიშნულ ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
შეაჩერებს თუ არა საქართველო იტალიასთან ფრენებს კორონავირუსის გამო >>
ირანში ამ მომენტისთვის 61 მეტი ადამიანია ამ ვირუსით დაინფიცირებული, მათ შორის 12 უკვე გარდაცვლილია. პირველად ხელისუფლებამ ვირუსით ინფიცირების შესახებ 19 თებერვალს განაცხადა - დაავადება პირველად დაფიქსირდა ქალაქ ყუმში, რომელიც მუსლიმი შიიტების მომლოცველობის ადგილს წარმოადგენს. ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან.
„ნუ მიეცემით პანიკას, მაგრამ გაფრთხილებთ, რომ რისკი ყველგან მომატებულია და მათ შორის ჩვენთანაც, ამიტომ ყველანი ერთად მომზადებულები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, სიფრთხილის ზომები გავრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.
„ირანში ეპიდაფეთქების რისკი საკმაოდ მომატებულია. საქართველომ შეწყვიტა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ირანთან და ასევე გადადგმული იქნება სხვა შემზღუდველი ნაბიჯები, რათა მაქსიმალურად შევაკავოთ ინფექციის იმპორტი ქვეყანაში. გამომდინარე აქედან, საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ მზადყოფნის რეჟიმს, ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კერძოდ, ის ღონისძიებები, რომლებიც ჩინეთში ნამყოფი პირების მიმართ ტარდებოდა, ირანში ნამყოფ პირებზეც გავრცელდება.
გამყრელიძის თქმით, საქართველოში იყო 24 შესაძლო შემთხვევა, აღნიშნული პირები ჰოსპიტალიზებული არიან, თუმცა არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
გამყრელიძემ თხოვნით მიმართა მოსახლეობას განსაკუთრებული საჭიროების გარდა ირანში, ჩინეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
გამყრელიძემ ასევე თხოვნით მიმართა ჟურნალისტებს კორონავირუსთან მიმართებაში არ გამოიყენონ სიტყვა „მკვლელი ვირუსი“ და არ დაძაბონ სიტუაცია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ კვირა დღის მდგომარეობით 1 769 ადამიანი შეადგინა, გარდაცვლილია 17 ადამიანი.
ამ დროისთვის მატერიკულ ჩინეთში COVID-2019-ით ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 77 150 კაცს შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 49 824 ადამიანი, მათ შორის 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ახალ კორონავირუსთან. ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა და მას ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა – COVID-2019.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფექციურ საავადმყოფოში შაბათს მოთავსებულ ირანის ოთხ მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება საქართველოს 34 მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან გასულ კვირაში ჩამოიყვანეს, ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში კარანტინში იმყოფებიან.
ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. ასევე აკრძალულია ცხოველების ჩამოყვანა ჩინეთიდან. აეროპორტებსა და სახელმწიფო საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.