ძალიან დილა მშვიდობისა!
ჩვენი განსაკუთრებით მოკრძალებული და თბილისურად ისედაც საკმაოდ დახვეწილი აივანი დღეს ცოტა ფრანგულ აქცენტს შეიძენს, რადგან ის ამ დილით მასპინძლობს შესანიშნავ ფრანგ კომპოზიტორს, დირიჟორს, პიანისტს, სამგზის „ოსკაროსანს“, ხუთი „გრემის“ ლაურეატს, რომელმაც, რაც მთავარია, ჩვენს გულებს სიყვარულის ერთი ლამაზი ნოტი მაინც შემატა და ნოტი ხომ სულ შვიდია…
ეს გახლავთ განუმეორებელი მიშელ ლეგრანი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 24 თებერვალს და, რაღა თქმა უნდა, ზღაპრულ პარიზში.
მისი მუსიკა მართლაც სხვანაირია – თითო-თითო ვარსკვლავს რომ მოგიწყვეტს ციდან და ფრთხილად მოგაწვდის, სევდიან ენძელებს რომ შეაკოწიწებს ერთ განუმეორებელ კონად და გადაქათქათებული ვარდების ფურცლებად რომ დაგეყრება და ჩაგძირავს.
ერთხელ მიშელ ლეგრანმა ხუმრობით ბრძანა, რომ სახელმწიფოების პრეზიდენტები უნდა იყვნენ მხატვრები, რადგან ნამდვილი მხატვრები, როდესაც ნახატებს ქმნიან, არასდროს ფიქრობენ არც ფულზე და არც ხელისუფლებაზე, ისინი მხოლოდ კაცობრიობის გალამაზებაზე ოცნებობენ და სწორედ ეს არის მსოფლიოს გადარჩენის ერთადერთი გზა.
აბა, რა ვიცი, ალბათ, ლეგრანის წარმოდგენილი მსოფლიო დღევანდელს აჯობებდა.
მიშელ ლეგრანის ოჯახი იმდენად მუსიკალური იყო, რომ მისი მომავალი წინასწარ გადაწყვეტილი და გათვლილი იყო. მისი მამა — რაიმონდ ლეგრანი პარიზის ერთ-ერთი ვარიეტეს ორკესტრის ხელმძღვანელი იყო. დედა — აიკანუშ-მარსელ ტერ-მიქაელიანი კი პიანისტი გახლდათ. მათ სახლს თავად ედიტ პიაფი და მორის შევალიე სტუმრობდნენ. ასე რომ, უკვე 10 წლის ასაკში ლეგრანი მიიყვანეს პარიზის კონსერვატორიაში. სწორედ აქ დაეუფლა ის დაკვრას ტრომბონზე, საყვირზე, ვიოლონჩელოზე და გრაციოზულ არფაზეც კი.
კონსერვატორიაში სწავლის დროს მიშელ ლეგრანმა შექმნა ჯაზის ორკესტრი, რომელიც, მისივე თქმით, „მისი პირველი სიყვარული“ გახდა. 29 წლისა კი კინოსტუდიის ბარში შემთხვევით შეხვდა რეჟისორ ჟაკ დემის და მისი წინადადებით შექმნა მუსიკა ფილმისთვის „ლოლა“.
1963 წელს კი ჟაკმა ლეგრანს შესთავაზა მონაწილეობის მიღება ისეთი ფილმის დადგმაში, სადაც ყველა და ყველგან იმღერებს — მაღაზიებში, ავტობუსებში, სადარბაზოებში და ავტოფარეხებშიც კი. და სწორედ ასე, დუეტში დაიწყეს მათ მუშაობა მიუზიკლზე „შერბურული ქოლგები“. მოგეხსენებათ, ამ ფილმში არც ერთი დიალოგი არ არის, ყველა მღერის. ფილმი შედგა და ლეგრანის მუსიკა ისე ღრმად და სამუდამოდ შევიდა ჩვენს გულებში, რომ აწი, აბა, მას იქიდან რა გამოიყვანს?
ბოლოს კი ქართველებისთვის ოდნავ ჩვეული ტრაბახობით ამაყად განვაცხადებ – ძალიან მეამაყება, რომ ჩვენმა საყვარელმა თამარ გვერდწითელმა დიდი მაესტრო მიშელ ლეგრანი ისე მოხიბლა, რომ… უბრალოდ ნახეთ:
როგორი შესანიშნავი დუეტია, როგორი სიყვარულით და განსხვავებული მოწიწებით უმზერს მიშელ ლეგრანი ჩვენს თამრიკოს. მხოლოდ ფრანგებმა იციან ხოლმე ასე… და ქართველებმა.
ახლა კი საოცარ ამბავს მოგიყვებით: 2014 წლის სექტემბერში მიშელ ლეგრანმა პარიზის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ჯვარი დაიწერა მსახიობ და მწერალ მაშა მერილზე, წარმოშობით კი — თავადის ქალ გაგარინაზე. ისინი ერთმანეთს პირველად 1966 წელს შეხვდნენ, როდესაც ლეგრანი 34 წლის იყო, მაშა კი 24-ის. ლეგრანი ამ დროს დაოჯახებული იყო, მაშას კი საქმრო ჰყავდა… 50 წლის შემდეგ კი მათ ერთად ყოფნა გადაწყვიტეს.
მიშელ ლეგრანი ჰყვება:
„გავიდა მთელი ნახევარი საუკუნე. ჩვენ უბრალოდ შევხედეთ ერთმანეთს და მე მივხვდი, რომ მაშა თავისუფალია, რომ ჩვენ შორის არავითარი წინააღმდეგობები აღარ არსებობს. ჩვენ ორივემ ვიგრძენით, რომ ის დაშორება, რაც ჩვენ შორის იყო, სინამდვილეში არასდროს ყოფილა და ჩვენ არც არასდროს არ დავშორებულვართ ერთმანეთს“.
რას იზამ, ასეთია ლეგრანის ხიბლი და ეშხი, როგორც მუსიკოსის, ასევე ადამიანის. მით უმეტეს, როცა სიყვარული ამდენად მარადიულია.
გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და სიყვარულით გაცისკროვნებულ დღეს!