თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელში ჩინეთის ორ მოქალაქეს ექიმები სინჯავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მატარებლის მგზავრებმა განაცხადეს, რომ მატარებლის ორ ჩინელ მგზავრს სურდოს ნიშნები აღენიშნებოდა და ისინი მათთან ერთად არ იმგზავრებდნენ.
თბილისის ცენტრალურ სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი დაგეგმილ დროს ვერ გავიდა.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მატერიკულ ჩინეთში COVID-2019-ით დაავადებულთა მთლიანი რაოდენობა 77 150 კაცს შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 49 824 ადამიანი, მათ შორის, 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ კვირა დღის მდგომარეობით 1 769 ადამიანი შეადგინა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. ასევე აკრძალულია ცხოველების ჩამოყვანა ჩინეთიდან. აეროპორტებსა და სახელმწიფო საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.