თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოს და სერბეთს შორის ჩვენი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა - 90:94.
შეხვედრის პირველი ნახევარი სერბების უპირატესობით წარიმართა, თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია სერბეთს. პირველი ნახევრის დამთავრების შემდეგ თად მაკფადენის ანგარიშზე იყო 11 ქულა, გიორგი შერმადინის - 10 ქულა. დიდი შესვენებისთვის ანგარიში 48:41 იყო.
შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და ტაბლოზე თანაბარი ქულები არაერთხელ დაფიქსირდა, რამდენჯერმე კი დავწინაურდით. მესამე მეოთხედის შემდეგ საქართველო მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა სერბეთის ნაკრებს - 67:65.
მეოთხე პერიოდში ჩვენი ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე იყო და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – 90:94.
ბრწყინვალე იყო თად მაკფადენი, რომელმაც გუნდს 33 ქულა მოუტანა, გიორგი შერმადინის ანგარიშზე კი 23 ქულაა.
საქართველო „ევრობასკეტი 2021“-ის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოში (თბილისი), გერმანიაში (ბერლინი და კიოლნი), იტალიასა (მილანი) და ჩეხეთში (პრაღა) 17-29 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.