თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ფონდ „ქართუს“ განცხადებაზე დაყრდნობით.
საერთაშორისო ფონდი საზოგადოებას შეახსენებს, რომ მათ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ერთჯერადი აქტის ფარგლებში, საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებები შეისყიდეს შემდგომი პატიების მიზნით, რაც განხორციელდა კიდეც.
„ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს და ადასტურებს, რომ მიმდინარე ეტაპზე შეძენილი სესხების პატიება განხორციელებულია სრულად იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი სასესხო ვალდებულება და მონაცემებიც მოწოდებული იქნა ამა თუ იმ ფინანსური თუ საკრედიტო ორგანიზაციისგან და აღარ არსებობს აღნიშნულ ვალდებულებებზე რაიმე სახის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფონდი ქართუ“ გეგმავს ან ახორციელებს აღნიშნული სესხების დაფარვის მოთხოვნას“, ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ფონდი განუმარტავს მოსახლეობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი ან სხვა პირი ითხოვს „ქართუს“ მიერ შეძენილი სესხების დაფარვას, გადაამოწმონ თავიანთი აქტიური ვალდებულებების სტატუსი საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფოში“.