თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენ დავიწყეთ კიბერშეტევის ფაქტის გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მედიაკომპანიების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთიდან.
„ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებთან.
მისი სიტყვებით, კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა
„ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ელექტრონულ ქსელებში განხორციელებულ ზიანის მომტან მოქმედებებში რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების ჩართულობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს.
„აშკარად დადგმული ინფორმაციული ტყუილი და პოლიტიკური მოტივაცია ნათელია. საქართველოს ელექტრონულ ქსელებში ზიანის მომტან მოქმედებებში რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისის მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქციის სინქრონიზირებულ მოქმედებას.
უწყებაში განაცხადეს, რომ მოსკოვი ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ არსებული უთანხმოებების დაძლევა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებს. თუმცა, არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს საერთოდ არ აწყობთ.