თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. რუსეთი არ აპირებდა და არც აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ სახით ჩარევას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდებზე და ქართული მედიის რესურსებზე კიბერშეტევა ორგანიზებული და განხორციელებული რუსეთიდან იყო.
„ამ კომენტარებს დავტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე, რომლებმაც ის გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არც აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ სახით ჩარევას“, - განუცხადა რუდენკომ РИА Новости-ს, როდესაც მას სთხოვეს კომენტარის გაკეთება ქართული მხარის ბრალდებებზე თითქოსდა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერშეტევებთან დაკავშირებით.
წინასწარი მონაცემებით, 28 ოქტომბერს ჰაკერებმა განახორციელეს შეტევა ათასობით ვებგვერდზე და ტელეკომპანიების „იმედი“ და „მაესტროს“ სერვერები და ტექნიკა დააზიანეს. მათ შეცვალეს ვებ-გვერდების მთავარი გვერდები და მათზე განათავსეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით I'll be back.
მასირებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებულ გამოძიებას აწარმოებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შსს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით - „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ და „კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა“, რაც ჯარიმას ან ორ წლამდე გამასწორებელ სამუშაოებს ანდა ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.