სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ დაანგარიშებული საარსებო მინიმუმი არის ის სოციალური ორიენტირი, რომელიც გვამცნობს, რომ 197 ლარით (68 დოლარი) ადამიანისთვის 1 თვე თავის რჩენა შესაძლებელია, განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.
რატი აბულაძის თქმით, დღეს საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის მოცულობა ზრდის დინამიკით ხასიათდება და ბოლო პერიოდში ყოველთვიური ზრდის ოდენობა 1-3 ლარის ფარგლებში მერყეობს. შედეგად, ბოლო ერთ წელიწადში საარსებო მინიმუმი 178.6 ლარიდან 197 ლარამდე გაიზარდა.
„საარსებო მინიმუმი იმიტომ იზრდება, რომ მისი გაანგარიშება ხდება შესყიდვის ფასების მიხედვით 40 დასახელების პროდუქტზე. ხაზგასასმელია, რომ, მართალია, შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ 197 ლარზე მყოფ მამაკაცს გარკვეული პერიოდის შემდგომ შრომისუნარიანს ვეღარ ვუწოდებთ. ამ თანხით მცხოვრებ ადამიანს შრომის ძალა და რესურსი აღარ აქვს”, – აღნიშნა რატი აბულაძემ.
ეკონომისტის აზრით, აუცილებელია ასევე აღინიშნოს, რომ არსებული ზრდის დინამიკა არ აჩვენებს ცხოვრების დონის მნიშვნელოვან ცვლილებებს და არ ქმნის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ფონს.
პრობლემა მდგომარეობას არა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკაში, არამედ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მუშაობის შედეგებში. არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კი საბაზო შემოსავლების მინიმუმ 500 ლარით განსაზღვრა შეუძლებელია.
„რატომ არ შეუძლია მთავრობას, რომ ქვეყანაში სოციალური ორიენტირები და უნივერსალური საბაზო შემოსავლები (მინიმუმ) 500 ლარით განსაზღვროს? მიზეზი პოლიტიკასა და მართვაშია. ლეგიტიმურ კითხვაზე, რის ხარჯზე შეიძლება განისაზღვროს 500 ლარი, პასუხი მდგომარეობს ეფექტიან საშინაო და საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკაში”, – აღნიშნა რატი აბულაძემ.
ეკონომისტის თქმით, ისედაც გასაგებია, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკით შეუძლებელია დამსახურებული პენსიის გაცემა, ჯეროვანი ხელფასის დაწესება, სათანადო შემწეობებისა და სოციალური გასაცემლებით ოჯახების უზრუნველყოფა, თუმცა სახელმწიფოებრივად მაინც მომგებიანი იქნება, რომ დადგინდეს ადამიანის რეალურ ცხოვრებაზე მორგებული სოციალური ორიენტირები, განისაზღვროს სახელმწიფოებრივი სტანდარტები და ნორმები.
„მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებით შევქმნით მძლავრ სახელმწიფოს, რომელიც ყველასთვის მომგებიანი იქნება“, – აღნიშნა რატი აბულაძემ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 2020 წლის იანვარში 1.9 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 174.4 ლარს შეადგენს. 3 ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და იანვარში 330.4 ლარზე დაფიქსირდა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით, იანვარში ერთსულიან ოჯახზე 174.4 ლარია, ორსულიანზე – 279.1 ლარი, სამსულიანზე – 314.0 ლარი, ოთხსულიანზე – 348.9 ლარი, ხუთსულიანზე – 392.5 ლარი, ექვსსულიანზე და მეტზე – 464.0 ლარი.
საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაჩვენებლის ზრდამ განაპირობა. 2019 წლის დეკემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში 7% შეადგინა, ერთ წელიწადში სურსათზე ფასები 12,3%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 15,6%-ით.
ნატა პატარაია