სიყვარული ფოთოლცვენამდე: ქეთო, რომელმაც იპოვა კოტე

© Pixabay / GLadyშემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ კვლავ მოგესალმებათ ლელა ანჯაფარიძის სახელით მისი ვირტუალური აივნიდან და ჩვენს ფონდში დაცულ ჩანაწერებს გთავაზობთ.

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, უნდა გამოგიტყდეთ, რომ განსაკუთრებით ვნერვიულობ. აივანი გავაწკრიალე, ახალი ხალიჩაც კი დავაგე — ირმებიანი, ქე რო ცისფერღრუბლებიან ცაში იყურებიან. აივანს ცოტა ქვემოდან მივაწექი და წელში გავმართე კიდევაც, მოაჯირები გადავფერთხე ნერვიულობებისა და დაძაბულობებისგან.

ღრუბლებიც კი იდაყვით ოდნავ მარჯვნივ გადავწიე, რადგან ჩვენს უკვე ცოტა გაზაფხულაქცენტიან აივანზე დღეს შემობრძანდება დედოფალივით ქალბატონი, ყველაფრით შემკობილი — მშვენიერებით, ნიჭითა და ღირსებით და ისეთი სხვანაირი მომხიბვლელობით, მზესაც რომ ანაცვლებს და ერთხელ რომ იხილავ, მთელი ცხოვრება რომ გაგყვება სულში სუსამბარივით — შესანიშნავი და განუმეორებელი მედეა ჯაფარიძე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1923 წლის 20 თებერვალს.

© Photo: National Library of georgiaმედეა ჯაფარიძე
სიყვარული ფოთოლცვენამდე: ქეთო, რომელმაც იპოვა კოტე - Sputnik საქართველო
მედეა ჯაფარიძე

თავად დიდმა ვერიკო ანჯაფარიძემ ბრძანა:

„მედეა მე მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათბობს“.

ჩემი სახლი, ადრეც მოგახსენეთ, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გვერდით იდგა. ასე რომ, ყოველ დილით სკოლაში მისი გავლით მივდიოდი და სკოლიდანაც ასევე ვბრუნდებოდი.

ხშირად თეატრის გვერდით ან წინ მხვდებოდა ულამაზესი მედეა. ისე ვიბნეოდი, იმის მიუხედავად, რომ კარგად ვიცნობდი, ვიმალებოდი ხოლმე და შორიდან ვუყურებდი. ყოველთვის განსაკუთრებით ლამაზად და მოხდენილად ეცვა — ნაზად და გაზაფხულიანად. ფეხსაცმელიც სხვანაირი ამშვენებდა — აი, ისეთქუსლებიანი, გულზე რომ გადაგივლის და არ გატკენს. განსაკუთრებით არისტოკრატიული და დახვეწილი იყო, ყველაფრით — მიხვრა-მოხვრით, ღიმილით, ურთიერთობით…

ერთხელ, მე-10 კლასის გამოსაშვები გამოცდების შემდეგ, მე და მამა გახარებულები ვბრუნდებოდით შინ და მედეამ დაგვინახა. მომესიყვარულა, ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა, როგორ გავხარ დედიკოსო. ეს მართლა კომპლიმენტი იყო და გამიხარდა, მაგრამ ისიც მომეწონა, ჩუმად რომ მითხრა, დელიკატურად, მამიკოს რომ არ სწყენოდა. არადა, მამიკოს კეხიანი ცხვირი მამშვენებდა.

ასეთი იყო — საოცრად კეთილი, თბილი, ყველაფერში სამართლიანი და სიყვარულის მფრქვეველი ფერიასავით ქალბატონი მედეა ჯაფარიძე. ხმაც კი სხვანაირი ჰქონდა — თითქოს გალობდა ჩიტივით.

პირველი ფილმი მისი მონაწილეობით „ქეთო და კოტე“ გამოვიდა 1953 წელს და იქ იმისთანა ქეთო იყო, მარტო ბათუ კრავეიშვილის კოტე კი არა, მთელი საქართველო იყო მასზე შეყვარებული. 

© photo: National Library of Georgiaმედეა ჯაფარიძე ფელმში „ქეთო და კოტე"
სიყვარული ფოთოლცვენამდე: ქეთო, რომელმაც იპოვა კოტე - Sputnik საქართველო
მედეა ჯაფარიძე ფელმში „ქეთო და კოტე"

ფილმში „ჯურღაის ფარი“ კი მედეა ჯაფარიძე ისეთი დედოფალი იყო, არავის უკვირდა, დავით გამრეკელი სამშობლოსთვის რომ თავს სწირავდა. 

ქალბატონი მედეას მსგავსი იშვიათი ქალები, როგორც წესი, ერთი ტრაგედიით არიან გაერთიანებული — ურაინდობით. მაგრამ მედეა იშვიათებს შორის იშვიათი იყო, რადგან მის გვერდით ისეთი მამაკაცი იდგა, რომლისთვისაც ის ბოლომდე ჯულიეტად რჩებოდა.

ბატონი რეზო თაბუკაშვილი — დიპლომატი, შესანიშნავი შემოქმედი, უბრალოდ მედიკოზე ბოლომდე შეყვარებული კაცი, ვინც გაითავისა მისი ტკივილი, სევდა და მთლად შემოდგომამდე, ბოლო ფოთოლცვენამდე მის გვერდით იდგა — ღირსეულად, რაინდულად, კაცურად. 

შესანიშნავი წყვილი იყო, ერთმანეთს ჭიქიდან ჭიქაში გადასხმული ანკარა წყალივით აკლდებოდნენ და ავსებდნენ.

ერთხელ ბატონმა რეზომ თქვა, მედიკო ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთია, როგორიც ფილმ „მზე შემოდგომისაშიაო“. ხოლო ამ ფილმში მედიკო ისეთია, როგორც ნეკერჩხალზე შემორჩენილი ბოლო, ოქროსფერი ფოთოლი, კომშის ტოტის წკიპზე ჩამოკიდებული მზე, აივანთან მიყუდებული ჩამთბარი და მთლად ბოლო ბროწეული, არასდროს და ვერასდროს რომ ვერ ჩამოვარდება, რადგან ერთია და ბოლო…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და მედიკოსავით მშვენიერ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0