იაპონური გაზაფხული თბილისში: ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურა დარგეს

© photo : Moskva city news agency/ Alexandr Avilovსაკურას ყვავილობა
საკურას ყვავილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეივნის გაშენების ღონისძიებასთან დაკავშირებით ნერგები იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ კახა კალაძესთან ერთად დარგო.

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. იაპონიის საელჩომ თბილისის მერიას 100 ძირი საკურას ნერგი საჩუქრად გადასცა, ნათქვამია მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბოტანიკურ ბაღში გამწვანების აქციაში მონაწილებდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, იაპონიის კომერციისა და მრეწველობის პალატის ცენტრალური ფედერაციის პრეზიდენტი იოშიჰისა მორისი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლეები, რომლებმაც იაპონელი სტუმრების პატივსაცემად იაპონური სიმღერები შეასრულეს.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეივნის გაშენების ღონისძიებასთან დაკავშირებით ნერგები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ერთობლივად დარგეს.

კახა კალაძემ პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს და მომავალში იაპონიის მხარესთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და თანამშრომლობა, რაც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. თქვენ იცით, რომ ბოტანიკურ ბაღში არის იაპონური ბაღი. საკურას ხეივანი კიდევ უფრო დაამშვენებს ჩვენს ულამაზეს ბოტანიკურ ბაღს“, – განაცხადა კალაძემ.

იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ ასევე მადლობა გადაუხადა თბილისის მერს საკურას ბაღის გაშენების იდეის განხორციელებაში აქტიური დახმარებისთვის.

„თბილისისთვის საკურას ნერგების გადაცემის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის იაპონიის კომერციისა და მრეწველობის პალატის ცენტრალური ფედერაციის პრეზიდენტს იოშიჰისა მორისს. რამდენიმე წელში ეს საკურა უკვე აყვავდება და იმედი მაქვს, რომ ქართველები და იაპონელები ერთად დასხდებიან და დატკბებიან საკურას ყვავილობით“, – განაცხადა ელჩმა.

თბილისის ბოტანიკური ბაღი სამხრეთ კავკასიაში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ის სოლოლაკის ფერდობთანაა გაშენებული. XIX საუკუნის შუამდე ამ ადგილს სამეფო ბაღს უწოდებდნენ და მაშინ მისი ისტორია უკვე ას წელს ითვლიდა.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც სამეფო ბაღების ტერიტორიაზე 1845 წელს გაშენდა, ამ დროისათვის ქართული და მსოფლიო ფლორაა წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0