თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელი, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი ქმნის დედამიწის ფონდს პლანეტაზე კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად. ამის შესახებ მან თავად დაწერა Instagram-ზე.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვქმნი ბეზოსის სახელობის დედამიწის ფონდს“, — წერს ის.
მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები უდიდესი საფრთხეა პლანეტისთვის. ამიტომ სურს, ხელი შეუწყოს უკვე შესწავლილი მეთოდების გაუმჯობესებასა და ახალ აღმოჩენებს, რომლებიც კლიმატის დამანგრეველ ცვლილებებს შეაჩერებს.
პლანეტის უმდიდრესი ადამიანი 10 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს ფონდისთვის, რომელიც მეცნიერებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
შეუსაბამო ქველმოქმედება: მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს მცირე თანხის გაღებისთვის აკრიტიკებენ
„გრანტების გაცემას ამ ზაფხულს დავიწყებ“, — წერს ბეზოსი.
მან მოუწოდა კომპანიებს, ქვეყნების მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უბრალო ადამიანებს, იმუშაონ ერთობლივად, ვინაიდან „დედამიწა — ეს ისაა, რაც ყველას გვაერთიანებს და ის ერთად უნდა დავიცვათ“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეფ ბეზოსი კვლავ პირველია Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში. 115,5 მლრდ დოლარის ქონებით მან უკან ჩამოიტოვა Louis Vuitton Moеt Hennessy-ს პრეზიდენტი ბერნარ არნო, რომლის ქონებაც 112,9 მლრდ დოლარად ფასდება.