Georgian Manganese ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

გამოწერა
კომპანიამ გაითვალისწინა ადგილობრივების პრობლემები, რომლებიც მძიმე საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება, და მათ რამდენიმე ინიციატივა შესთავაზა

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი კომპანია Georgian Manganese („ჯორჯიან მანგანეზი") სოფელ შუქრუთის მოსახლეობას, რომელიც სამუშაო პროცესს აფერხებს და კამპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ კომპანიის პრეს-სამსახურში.

სოფელ შუქრუთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რვა მაღაროზე მუშაობა შეჩერებულია. მეორე დღეა სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს და დაზიანებული სახლებისთვის კომპენსაციას მოითხოვს.

ქარხანა ჭიათურაში - Sputnik საქართველო
Georgian Manganese-ის ტექნიკამ ჭიათურაში სახლები დააზიანა: მოსახლეობა აპროტესტებს

მათ გადაკეტეს მაღაროების შესასვლელები, რომლებშიც  Georgian Manganese ოპერირებს. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, სოფლის ქვეშ გამავალ გვირაბებში აფეთქებების შედეგად სკდება არა მხოლოდ სახლის კედლები, არამედ მიწაც. რაც, კომპანიის ინფორმაციით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„აღნიშნულს წინ უძღოდა კომპანიასა და მოსახლეობას შორის არაერთი შეხვედრა, სადაც პრობლემური საკითხების განხილვა მოხდა, მათ შორის, გუშინ აქციის მონაწილეებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, რაზეც მათგან უარი მიიღო... „ჯორჯიან მანგანეზი“​ შუქრუთის მოსახლეობას მოუწოდებს, მოლაპარაკების ფორმატს დაუბრუნდნენ და საწარმოს შესაძლებლობა მისცენ, თავისი საქმიანობა შეუფერხებლად განახორციელოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სოფელ შუქრუთის პრობლემურ ტერიტორიებზე სამთო-მომპოვებელი სამუშაოები არასდროს უწარმოებიათ. იქ არსებობს საბჭოთა დროიდან მიტოვებული მაღაროები, რომლებიც დროთა განმავლობაში ინგრევა, მიწა კი ჯდება. ამასთან ის მაღაროები, რომელთა ექსპლუატაციაც გრძელდება, მოსახლეობას არანაირად არ აზარალებს.

მიუხედავად ამისა, კომპანიამ მაინც შექმნა საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია და დაიქირავა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი - „საინჟინრო კვლევების ცენტრი“. ცენტრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის სახლების დაზიანება არ უკავშირდება კომპანიის მუშაობას, არამედ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ მანგანუმის მოპოვებით არის გამოწვეული. ასევე დადგინდა, რომ მაშინ მთლიანი ზარალი შესაბამისმა პასუხისმგებელმა სამსახურებმა აანაზღაურეს, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული.

ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, სოფელ შუქრუთში სახლები დაზიანდა ასევე 90-იან წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად. მაშინ შესაბამისი კომპენსაცია მოსახლეობამ სახელმწიფოსგან მიიღო. კომპენსაცია გაიცა იმ პირობით, რომ მცხოვრებლები ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლებს ალტერნატიულ ტერიტორიაზე შეიძენდნენ. თუმცაღა, მათმა უმრავლესობამ მიიღო ფული, მაგრამ საკუთარი სახლები არ დაუტოვებიათ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კომპანიამ გაითვალისწინა ადგილობრივ მცხოვრებთა პრობლემები, რომლებიც მძიმე საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება, და მათ რამდენიმე ინიციატივა შესთავაზა. კერძოდ, კომპანიამ შესთავაზა სოფლის მცხოვრებლებს რაიონის ფარგლებში ალტერნატიული საცხოვრებელი სახლების შეძენა და საკუთრებაში გადაცემა, ან მათი საკუთარი სახლების გამოსყიდვა.

გაფიცული მეშახტეების აქცია ჭიათურაში - Sputnik საქართველო
ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები"

კომპანიამ ასევე შესთავაზა მოსახლეობას თავად მოეძებნათ კერძო აუდიტორული კომპანიები, რომლებიც შეაფასებდნენ ქონებას და აუდიტორული დასკვნის მიხედვით მათ კომპენსაციის გადახდის პირობა მისცა. აუდიტორების მომსახურების ყველა ხარჯსაც Georgian Manganese საკუთარ თავზე იღებს. მაცხოვრებლები დასთანხმდნენ წინადადებას, მაგრამ საბოლოოდ ვერცერთ დაქირავებულ კომპანიასთან ვერ შეთანხმდნენ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შეფერხებები მუშაობაში ნეგატიურად აისახება როგორც კომპანიის შემოსავლებზე, ისე მატერიალურად დააზარალებს Georgian Manganese-ში დასაქმებულებსა და მათ ოჯახებს.

Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0