თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისს ისრაელიდან ეწვევა 100 იურისტი, რომლებიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს წარმოადგენენ, ნათქვამია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის მიზანი საქართველოს ბიზნეს კანონმდებლობის გაცნობა და საქართველოში ინვესტირების მსურველი ისრაელის კომპანიების მომზადებაა.
სტუმრები 17 თებერვალს ქართველ კოლეგებს და აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დაგეგმილია, აგრეთვე, ტური იუსტიციის სახლში, სადაც ბიზნესის რეგისტრაციის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და სხვა სამართლებრივ პროცედურებს გაეცნობიან.
იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის მსხვილი იურიდიული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი ასპექტია და მიზნად ისახავს, ისრაელის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოში იმუშაონ პირდაპირ, შუამავლების გარეშე.
ვიზიტის მიმდინარეობისას ისრაელელ იურისტებს დაგეგმილი აქვთ სემინარების ჩატარება და საქართველოში ისრაელური ბიზნესის წარმატებული პროექტების გაცნობა.