თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ერთი ტონა ჰეროინის საქმეზე ირანისა და სომხეთის საზღვარზე 2014 წელს დაკავებული ქართველი მძღოლი ავთანდილ მარტიაშვილი სომხეთის სასამართლომ გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მარტიაშვილის გათავისუფლების მოტივი პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
ავთანდილ მარტიაშვილი საქართველოში რეგისტრირებულმა თურქულმა კომპანიამ მძღოლად დაიქირავა. 2014 წელს, ერთ-ერთი გადაზიდვის დროს, სომხეთ-ირანის საზღვარზე მარტიაშვილის ავტომობილი გააჩერეს და მასში ერთ ტონამდე ჰეროინი აღმოჩნდა. მარტიაშვილი ადგილზე დააკავეს, მისი დამქირავებელი თურქეთის მოქალაქე ოსმან უღურლუ კი მიიმალა. მალევე, ისიც დააკავეს და მან ბრალი აღიარა. ოსმან უღურლუმ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ ქართველმა მძღოლმა ნარკოტიკის არსებობის შესახებ არ იცოდა. მიუხედავად ამისა, მარტიაშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მარტიაშვილი განმარტებით, ის სომხეთის ეროვნული კრების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დახმარებით გაათავისუფლეს.
„ესკობარი ვერ ახერხებდა ერთი ტონა ნარკოტიკის გატანას და მე, მძღოლს პირდაპირ დამაბრალეს ერთი ტონა ჰეროინის შესყიდვა, რომლის ღირებულება 200 მილიონი დოლარია. მე რომ მაგდენი ფული მქონოდა, მძღოლად ვიმუშავებდი და ამ სახლში ვიცხოვრებდი? რომ დაინტერესებულიყო ჩვენი ხელისუფლება ჩემი საქმით, სომხეთის ციხეში, ერთ წელზე დიდხანს არ ვიჯდებოდი“, – განაცხადა ავთანდილ მარტიაშვილმა.
ის საქართველოს ახლად დანიშნულ კონსულს სომხეთში, ყურადღებისთვის მადლობას უხდის.