თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კომპანია „სითი პარკს" 4,3 მილიონი ლარი გადაუხადა და მისი მატერიალური8 აქტივები მიიღო. ამით დავა მერიასა და კომპანიას შორის დასრულდა, იუწყება პირველი არხი დედაქალაქის მთავრობაზე დაყრდნობით.
თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილიდან კონტრაქტი გააუქმა კომპანია „სითი პარკთან", რომელიც ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიურ უფლებას 2007 წლიდან ფლობდა. საპასუხოდ კომპანიამ სასამართლოს კონტრაქტის ნაადრევი შეწყვეტის სანაცვლოდ 25 მილიონი ლარის პირგასამტეხლოს მიღების მოთხოვნით მიმართა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის შედეგად კომპანიამ სარჩელი უკან გაიხმო. შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა 4 300 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღო.
„სითი პარკთან“ შეთანხმების დადებისთვის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახსრების გაფლანგვისთვის ბრალდება წაუყენეს უკვე ყოფილ მერ გიგი უგულავას, რომელმაც კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ უგულავა, რომელიც 2006-2013 წლებში თბილისის მერი იყო, ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და „სითი პარკს“ მიანიჭა „დაუსაბუთებული უპირატესობა“, რომელიც სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის გზით კომპანიის შემოსავლების ხელოვნური გაზრდაში გამოიხატებოდა.